სად და როგორ დეკლარირდება საქონლის ექსპორტი?
საქონლის ექსპორტის დეკლარირება ხდება საბაჟო გამშვებ პუნქტში:
- სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით;
- სასაქონლო ზედნადებით (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა);
ფიზიკური პირის მიერ 15000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის გატანა (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) ან საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთების (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა) დანიშნულების საქონლის გატანა საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირდება:
- გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით;
- ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით;
- ზეპირი დეკლარირებით.
სატრანსპორტო საშუალების ექსპორტი დეკლარირდება შსს-ს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურებში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით.
რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას?
- საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები (CMR) ან TIR-წიგნაკი;
- საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
- საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;
- სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
- საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი - საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი;
ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას ნებართვების და ლიცენზიების წარდგენა შესაძლებელია დეკლარანტის ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული ასლების სახით.
ექსპორტში საქონლის დეკლარირების ვადაა:
- კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში - არა უმეტეს 30 სამუშაო დღე;
- საქონლის საწყობში დროებით შენახვისას − განაცხადის რეგისტრაციიდან არა უმეტეს 5 კალენდარული წელი;
რა ვადაში უნდა წარედგინოს საბაჟო გამშვებ პუნქტს დეკლარირებული საქონელი?
- ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი − დეკლარაციის რეგისტრაციიდან 10 კალენდარულ დღეში;
- ექსპორტში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან 45 კალენდარულ დღეში.
სად შეიძლება დასაწყობდეს ექსპორტში მოქცეული საქონელი?
- საბაჟო საწყობში;
- საბაჟო ტერმინალში;
- შენახვის სხვა ადგილზე.
ექსპორტში მოქცეული საქონელი შეიძლება საბაჟო საწყობში დროებით ინახებოდეს არა უმეტეს 120 დღისა.
რა გადასახადებია დაწესებული საქონლის ექსპორტირების დროს?
საქონლის ექსპორტი გათავისუფლებულია გადასახდელებისაგან.
შენიშვნა: შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტირებისათვის მომსახურების ტარიფი განისაზღვრება შემდეგი მოცულობით:
- შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) ექსპორტირებისათვის – 1 ტონაზე 160 ლარის ოდენობით;
- შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისათვის – 1 ტონაზე 40 ლარის ოდენობით;
- ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტისათვის – 1 ტონაზე 50 ლარის ოდენობით.