ევროკავშირის ბაზარზე შესატანად ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. დაბალი რისკის სურსათი (მაგალითად, სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული) შედარებით უფრო მარტივად შევა ევროკავშირის ბაზარზე, ვიდრე მაღალი რისკის (მაგალითად, ხორცისა და რძის პროდუქტები) სურსათი. გადამუშავებული და მაღალი რისკის სურსათის გასატანად საქართველომ სამი მთავარი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს:
- პროდუქტის შემადგენლობა უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის მოთხოვნებს;
- ექსპორტის მსურველს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია როგორც პროდუქტის წარმოების სრული ჯაჭვის, ასევე საკუთარი პროდუქტის უვნებლობის დასადგენად ჩატარებული შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების შესახებ;
- საქართველოში უნდა ფუნქციონირებდეს ევროკავშირში არსებული კონტროლის მექანიზმის (ინსპექტირება, ზედამხედველობა, მონიტორინგი და ა.შ.) მსგავსი სისტემა.
აღნიშნული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია ქვეყნის DCFTA-თი გათვალისწინებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან.
DCFTA-ს ძალაში შესვლიდან 6 თვეში საქართველომ ევროკავშირს წარუდგინა ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების პროგრამა, რომელიც პრიორიტეტულ სფეროებადაა დაყოფილი. ამ სფეროებიდან ევროკავშირში ექსპორტირების მიზნით, ცალკეული სექტორის, ქვესექტორის, საქონლის ან საქონლის ჯგუფისათვის შეიძლება ჩატარდეს ინდივიდუალური ღონისძიების ან ღონისძიებების ჯგუფის ეკვივალენტობის დადგენის პროცედურა. ეკვივალენტობის პროცედურა შესაძლებლობას აძლევს მთავრობას, არ დაელოდოს საკანონმდებლო პროცესის დასრულებას და პრიორიტეტული სექტორისათვის ეკვივალენტობის დადგენა მოითხოვოს.
მაგალითად, თევზის ევროკავშირში გატანის შემთხვევაში:
- დოკუმენტურად ან ინსპექტირების გზით შემოწმდება საქართველოში თევზის დაავადებების სტატუსი; თევზის საწარმოების ინსპექტირებისა და კონტროლის სისტემის ეფექტიანობა; თევზის შემადგენლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობა; სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ თევზის მწარმოებლების ინსპექტირების ეფექტიანობა;
- მხედველობაში იქნება მიღებული სააგენტოს მიერ ჩატარებული კონტროლის შედეგები;
- ეკვივალენტობის აღიარების პროცესის დაწყებამდე, მთავრობამ საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაუახლოოს ევროკავშირში მოქმედ თევზთან დაკავშირებულ რეგულაციებს.
ქვემოთ მოცემულია ძირითადი საფეხურები რისკის მეტად შემცველი სურსათის ევროკავშირში ექსპორტირებისათვის:
- საფეხური 1 - სურსათის მწარმოებელ საწარმოდ აღიარება და რეგისტრირება;
- საფეხური 2 - საწარმოს ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვით მოწყობა;
- საფეხური 3 - HACCP-ს პრინციპებზე დაფუძნებული სისტემით მიკვლევადობის ჯაჭვის აწყობა;
- საფეხური 4 - მთავრობის მიერ საქართველოს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოება, ქვეყანაში არსებული რეალობის გათვალისწინებით;
- საფეხური 5 - მთავრობის მიერ ევროკავშირში არსებული კონტროლის სისტემის მსგავსი სისტემის შექმნა;
- საფეხური 6 - მეწარმეების მიერ ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი სურსათის წარმოება;
- საფეხური 7 - შემოწმების საფუძველზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადებითი დასკვნის გაცემა პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ;
- საფეხური 8 - საქართველოს მიერ კონკრეტული პროდუქტის ან სექტორის ეკვივალენტურობის დადგენის მოთხოვნა;
- საფეხური 9 - ევროკავშირის მიერ ეკვივალენტურობის შესწავლის დაწყება მოთხოვნის მიღებიდან 3 თვეში;
- საფეხური 10 - ეკვივალენტურობის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 360 დღეში ევროკავშირის მიერ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების გამოტანა პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ საწარმოებს შეუძლიათ ინდივიდუალურად მოიპოვონ (და არ დაელოდონ მთლიანი სექტორის ეკვივალენტობის აღიარებას) ევროკავშირში მაღალის რისკის სურსათის ექსპორტის უფლება, იმ შემთხვევაში, თუ:
- საწარმო დააკმაყოფილებს გადამუშავებული პროდუქტის უვნებლობისა და ჯანმრთელობის შესახებ ევროკავშირის მოთხოვნებს;
- საწარმო აწყობილი იქნება ევროკავშირის მოთხოვნების თანახმად;
- სურსათის ეროვნული სააგენტო შეიმუშავებს ასეთი საწარმოების სიას და ევროკავშირს წარუდგენს გარანტიებს, რომ ეს კომპანიები აკმაყოფილებს ევროკავშირში არსებულ უვნებლობისა და ჯანმრთელობის მოთხოვნებს.
მნიშვნელოვანია, რომ ეკვივალენტობის აღიარება, გარდა იმისა, რომ მეწარმეს მისცემს გარკვეული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე შეტანის საშუალებას, ასევე გაამარტივებს საზღვარზე ფიზიკურ შემოწმებასა და პროდუქტის გაყიდვამდე განსაზღვრულ პროცედურებს.