როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

DCFTA ბიზნესისთვის

სახელმწიფო სერვისები

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით განსაზღვრული ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და საქართველოდან ევროკავშირში პროდუქტისა და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ შემდეგი სერვისების (მომსახურების) მიწოდებას:  

ევროპული სტანდარტების მიწოდება - საქართველოს მეწარმეებისათვის ევროკავშირის სტანდარტებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო. საქართველოში მხოლოდ აღნიშნული სააგენტოა უფლებამოსილი განახორციელოს ევროპული სტანდარტების მიწოდება მეწარმეებისათვის, ვინაიდან სააგენტო არის ევროპული სტანდარტების ორგანიზაციების (CENCENELEC) წევრი.

ევროპული სტანდარტების შემოკლებული აღნიშვნა არის EN, ისე, როგორც საერთაშორისო სტანდარტების აღნიშვნაა ISO ან IEC.  

საერთაშორისო სტანდარტების მსგავსად, ევროპული სტანდარტები ფასიანია და მათი შეძენა შესაძლებელია სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში.

მნიშვნელოვანია:

სტანდარტის შეძენის შემთხვევაში, მეწარმე მიიღებს სტანდარტის ტექსტს და არა სერტიფიკატს. სერტიფიკატის მიღება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად შეუსაბამებს მეწარმე თავის საქმიანობას შეძენილ სტანდარტს.

შესაბამისობის შეფასება (სერტიფიკაცია) - შესაბამისობის შეფასება არის პროცესი, რომელიც მოიცავს ევროკავშირის დირექტივას/სტანდარტსა და მომსახურებას/პროდუქტს შორის შესაბამისობის დადგენას. შესაბამისობის დადგენის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

შესაბამისობას შეფასებას საქართველოში ახორციელებენ აკრედიტებული ლაბორატორიები, აკრედიტებული საინსპექციო ორგანოები ან აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოები. აღნიშნული ორგანოები არიან კერძო პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი აკრედიტაცია სსიპ - საქართველოს აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში, აკრედიტაციის ცენტრში.

იმისათვის, რომ საქართველოში გაცემული სერტიფიკატები აღიარებულ იქნეს ევროკავშირის მიერ და, შესაბამისად, ამ სერტიფიკატის მქონე პროდუქტი/მომსახურება დაშვებულ იქნეს ევროპულ ბაზარზე, საჭიროა საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის აღიარება ევროკავშირის შესაბამისი ორგანოს მირ, რომელიც არის EA (European Accreditation - ევროპული აკრედიტაცია). საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი არის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ლაბორატორიების, საინსპექციო ორგანოების და სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციას, რომლებიც, თავის მხრივ, მომსახურებას აწვდიან საწარმოებს.

ამ ეტაპისთვის აკრედიტაციის ორგანოს გააჩნია საეთაშორისო აღიარება EA-ს მიერ შემდეგ სფეროებში:

  • გამოცდები და დაკალიბრება (ISO/IEC 17025);
  • პროდუქტის სერტიფიკაცია (ISO/IEC 17065);
  • პერსონალის სერტიფიკაცია (ISO/IEC 17024);
  • ინსპექტირება (ISO/IEC 17020).

 

სურსათის მწარმოებლად რეგისტრაცია

ბიზნესოპერატორი არის პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას, და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის;

ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

რეგისტრაციის გარეშე ბიზნესოპერატორის საქმიანობა აკრძალულია.

გასათვალისწინებელია, რომ რეგისტრაციის გარეშე საწარმოს საქმიანობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მნიშვნელოვანია, რომ საქმიანობის ტიპისა და წარმოებული პროდუქციის სახეობების შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში იყოს ზუსტი და რეალური. 

თუ ფიზიკური პირის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას და იგი ამ საქმიანობას ეწევა არაორგანიზებულად (მაგალითად, საკუთარი ეზოს ხილის კრეფა და ადგილზე არასისტემურად  რეალიზება) ან/და საკუთარი მოხმარების მიზნით, მაშინ მას არ მოეთხოვება სურსათის მწარმოებლად რეგისტრაცია.

სურსათის მწარმოებლად რეგისტრაცია ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. შესაბამისად, რეგისტრაციისათვის პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში თავისი მონაცემების  შეტანის მიზნით. თუ პირი უკვე დარეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად, მან უნდა მიმართოს საჯარო რეესტრს  იმისათვის, რომ მოხდეს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანა.

მაგალითად, თუ პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე ან შპს, ის უნდა მივიდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მიუთითოს:

  • საქმიანობის ტიპი (სურსათის წარმოება, დისტრიბუცია ან/და რეალიზაცია);
  • პროდუქციის სახეობა (ხორცპროდუქტები, ხილ-ბოსტნეული, წვენი, წყალი და ა.შ.).

ბიზნესოპერატორი ვალდებულია წელიწადში ერთხელ განაახლოს ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ სამიანობათა რეესტრში.

ბიზნესოპერატორის აღიარება - მეწარმე, რომელიც ახორციელებს პირველად წარმოებას, არ საჭიროებს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ ბიზნესოპერატორად აღიარებას. აღიარება არის რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის, მაკონტროლებელი   ორგანოს   მიერ   საწარმოში ინსპექტირების   შედეგად, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადასტურება. საქართველოს  კანონმდებლობისა  და  ევროკავშირის  რეგულაციების  თანახმად,   მაკონტროლებელი   ორგანოს   მხრიდან   აღიარებას   არ   ექვემდებარება:

ა) ოჯახური წარმოების სუბიექტს

 ან/და

ბ) ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს პირველად  წარმოებას

წარმოშობის სერტიფიკატი -  იმისათვის, რომ საქართველოში წარმოებულ პროდუქტზე გავრცელდეს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პირობები, საჭიროა, რომ ეს პროდუქტი წარმოებული იყოს საქართველოში და მასზე გაცემული იყოს წარმოშობის სერტიფიკატი (Euro 1). წარმოშობის სერტიფიკატის დანიშნულებაა დაადასტუროს, რომ პროდუქტი წარმოებულია საქართველოში. ევროკავშირისათვის წარმოშობის სერთიფიკატი გაიცემა საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ და ადასტურებს პროდუქტის წარმომავლობას. დამატებითი ინფორმაცია წარმოშობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მეტროლოგიური გაზომვები - მეტროლოგია არის მეცნიერება გაზომვებისა და მათი გამოყენების შესახებ. მეტროლოგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სამრეწველო მეტროლოგია, რომელიც უზრუნველყოფს იმ გაზომვის საშუალებების სათანადოდ ფუნქციონირებას, რომლებიც გამოიყენება მრეწველობაში, წარმოებასა და საგამოცდო პროცესში (მაგალითად: სასწორები, სხვადასხვა სახის სიგრძის მზომები, ქიმიურ და ფარმაცევტულ წარმოებაში გამოსაყენებელი პიპეტები და თერმომეტრები, ვოლტმეტრები და სხვ.).

სააგენტოს მეტროლოგიური ინსტიტუტი საწარმოებს აწოდებს  : გამზომი საშუალებების დაკალიბრების, გამზომი საშუალებების დამოწმების, გამზომი საშუალებების ტიპის დამტკიცების/აღიარების, პირველადი დამოწმების შედეგების აღიარების, საექსპორტო/ოფიციალური გაზომვების ჩატარებისა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მომსახურებებს. დეტალური ინფორმაცია მომსახურების სფეროებისა და ფასების შესახებ იხილეთ ბმულზე.

ინტელექტუალური საკუთრება:

ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის პირობებში, ინტელექტუალური საკუთრება ნებისმიერი კერძო კომპანიისათვის ეკონომიკური სარგებლის მომტანი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.

ინტელექტუალური საკუთრება ხელს უწყობს  საწარმოთა კონკურენტუნარიანობის ზრდას, რაც, საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. განვითარებულ სახელმწიფოებში ბიზნესკომპანიები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შექმნის ინვესტირებას, მათზე უფლების მოპოვებასა და დაცვას.

საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების მარეგისტრირებელი ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი“.

ინტელექტუალური საკუთრების ძირითადი ობიექტებია:

  • სასაქონლო ნიშანი;
  • გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახლება;
  • დიზაინი;
  • გამოგონება, სასარგებლო მოდელი;
  • საავტორო და მომიჯნავე უფლებები.

სასაქონლო ნიშანი

სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლება მოქმედებს მხოლოდ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელშიც მოხდა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია.

საზღვარგარეთ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ორი გზა არსებობს:

  • განაცხადის შეტანა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უშუალოდ სათანადო ქვეყნის შესაბამის უწყებაში. ამ შემთხვევაში, ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში არ არის აუცილებელი;
  • საქართველოში რეგისტრირებული ნიშნის მოქმედების გავრცელება ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის შეთანხმების ოქმით ამ ოქმის წევრ, მათ შორის, ევროკავშირის, ქვეყნებზე. ამისათვის, განმცხადებელმა ან მფლობელმა უნდა მიმართოს საქპატენტს განცხადებით და მიუთითოს ყველა ის სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც სურს მას ნიშნის გავრცელება საერთაშორისო რეგისტრაციით, ასევე უნდა გადაიხადოს სათანადო საფასური. დადგენილი ფორმით ინგლისურ ენაზე შევსებული და საქპატენტის მიერ დამოწმებული განაცხადი იგზავნება საერთაშორისო ბიუროში. პარალელურად, განმცხადებელი ვალდებულია, სათანადო თანხა გადარიცხოს საერთაშორისო ბიუროს ანგარიშზე.

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა

2012 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა „ევროკავშირსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ“ შეთანხმება, რომლის საფუძველზე მოხდა ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ევროკავშირის ტერიტორიაზე.

შეთანხმება ითვალისწინებს მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონო რეგისტრაციისა და  გამოყენებისაგან.

ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ადგილწამოშობის დასახელებებსა თუ გეოგრაფიულ აღნიშვნებზე უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საქპატენტს და წარადგინონ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ფოტოები, საკონტროლო შესყიდვის ჩეკი და ინფორმაცია გასაღების ადგილის შესახებ).

საქპატენტი, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, მიმართავს ევროკავშირის მხარეს უფლებების დამრღვევი ქმედების აღკვეთის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების განხორციელების მოთხოვნით.  

გამოგონება, სასარგებლო მოდელი

გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლება მოქმედებს  მხოლოდ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელშიც მოხდა მისი დაპატენტება. საზღვარგარეთ გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე უფლების მოპოვების შემდეგი გზები არსებობს:

  • განაცხადის შეტანა გამოგონებასა ან სასარგებლო მოდელზე უშუალოდ შესაბამისი ქვეყნის საპატენტო უწყებაში, მხოლოდ საქპატენტში განაცხადის წარდგენისა და უცხოეთში განაცხადის წარდგენის ნებართვის მიღების შემდეგ.
  • იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ქვეყანა არის რომელიმე რეგიონალური შეთანხმების მონაწილე (მაგ.: ევროპის საპატენტო კონვენციის, ევრაზიის საპატენტო კონვენციის და სხვ.), განაცხადის შეტანა შესაძლებელია შესაბამის რეგიონალურ უწყებაში.
  • გამოგონების ან სასარგებლო მოდელის სხვა, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში დაპატენტება შესაძლებელია საპატენტო კოოპერაციის შესახებ ხელშეკრულებით (PCT) გათვალისწინებული პროცედურების საფუძველზე. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს მიმღებ უწყებაში (საქართველოშიასეთი უწყებაა “საქპატენტი”) საერთაშორისო განაცხადის შეტანას, რაც შესაძლებელს ხდის საპატენტო დაცვის მოპოვებას PCT-ის მონაწილე ნებისმიერ ქვეყანაში.
წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.