როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

სიახლეები

23 06 2017

DCFTA-ს მრგვალი მაგიდა ოზურგეთში

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში მიმდინარე წლის 23 ივნისს ქ. ოზურგეთში, მრგვალი მაგიდის ფორმატში DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის თემაზე  რეგიონალური სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობის“ მხარდაჭერით ჩატარდა და მასში 60-ზე მეტმა ადგილობრივმა მეწარმემ და ფერმერმა მიიღო მონაწილეობა თაფლის, თხილის, დაფნის, ლურჯი მოცვის და სხვა სექტორიდან.

 

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ  DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების, სახელმწიფო-საგრანტო პროგრამებისა და ხელშეწყობის იმ საკითხების შესახებ ისაუბრეს, რაც ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, უფრო მეტი სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით.

 

მრგვალი მაგიდის ფორმატში საუბარი ასევე შეეხო  DCFTA-ს გამოწვევებსა და პერსპექტივებს, DCFTA-ს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ (SPS) მოთხოვნებსა და შეთანხმების ფარგლებში არსებულ სხვა საკითხებს. ღონისძიებაზე ასევე განხილულ იქნა მეწარმეების წინაშე მდგარი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

 

შეხვედრის დასკვნით ნაწილში, გენადი არველაძემ და ღონისძიების ორგანიზატორებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.

 

რეგიონებში მსგავსი შეხვედრები სისტემატურად იმართება და 2017 წლის განმავლობაში  საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.