როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

სიახლეები

14 07 2017

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის რეგიონული შეხვედრები იმერეთსა და ქვემო ქართლში

მიმდინარე წლის 13-14 ივლისს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრმა იმერეთისა და ქვემო ქართლის მცირე და საშუალო მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

 

აღნიშნული შეხვედრები ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით მოეწყო.

 

ქალაქ ვანსა და დაბა დმანისში მეწარმეებთან შეხვედრის მთავარი მიზანი მათთვის ცენტრის საქმიანობის გაცნობა და სხვადასხვა მომსახურების შეთავაზება იყო. შეხვედრებს კოოპერატივების წარმომადგენლები და მსხვილი ინდივიდუალური მეწარმეები დაესწრნენ. საუბარი შეეხო ქართული კომპანიების საექსპორტო პოტენციალს, ევროკავშირის ბაზრის რეგულაციებსა და საქართველოს მიერ DCFTA-ს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებს. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გაუწიეს კონსულტაცია, თუ როგორ შეიძლება გააუმჯობესონ სხვადასხვა პროდუქციის ხარისხი. დამსწრეებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სხვა მომსახურებებიც წარუდგინეს.

 

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრები სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და პროექტს „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - შორის თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბდა. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ინიციატივის - „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ - ფარგლებში მიმდინარეობს. იგი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება, რათა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით სარგებლობა შეძლონ. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებასა და მათთვის ფინანსების ხელმისაწვდომობას.

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.