როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

DCFTA ბიზნესისთვის

EU შიდა ბაზარი

ევროპის შიდა ბაზარი, ასევე ცნობილი როგორც „ერთიანი ბაზარი“, ხალხსა და ბიზნესს აძლევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილებისა და ვაჭრობის საშუალებას. პრაქტიკულად, ის სთავაზობს მომხმარებელს პროდუქციის ფართო არჩევანს და აძლევს მათი ყიდვის საშუალებას კონკურენტუნარიან ფასად, ამასთანავე, ხელს უწყობს მომხმარებელს იყოს დაცული საკუთარ ქვეყანაში, საზღვარგარეთ და/ან ინტერნეტით ვაჭრობისას. ასევე დიდი და პატარა კომპანიებისთვის ამარტივებს კონკურენციას და ამავდროულად ამარტივებს და აიაფებს ბიზნესის კეთებას მთელ მსოფლიოსთან. ის ასევე აძლევს კერძო პირებს საცხოვრებელი თანხის გამომუშავების, სწავლის ან ევროკავშირის სხვა ქვეყანაში პენსიაზე გასვლის უფლებას.

ერთიანი ბაზრის ქვაკუთხედია საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალი გადაადგილება, ცნობილი როგორც „ოთხი თავისუფლება“, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულებით არის განმტკიცებული. იგივე ხელშეკრულება უფლებამოსილებას აძლევს ევროკავშირის ინსტიტუტებს მიიღონ კანონები (რეგულაციების, დირექტივების და გადაწყვეტილებების სახით), რომლებიც უპირატესია ეროვნულ კანონმდებლობასთან მიმართებით და სავალდებულოა ეროვნული ხელისუფლებებისთვის. ევროკავშირის მასშტაბით კერძო პირების, ეროვნული ხელისუფლებისა და ევროკავშირის სხვა დაწესებულებების მიერ ევროკავშირის კანონების სათანადოდ მორგებაში უმნიშვნელოვანეს როლს ევროკომისია ასრულებს.

საქონლის თავისუფალი გადააადგილება ჰარმონიზებულ და არაჰარმონიზებულ სექტორებში

ერთ-ერთი გზა, რომლითაც ევროკავშირის ერთიანი ბაზრის წესები ევროპაში ბიზნესის კეთებას ამარტივებს, არის საერთო აღიარება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ეროვნულმა ტექნიკურმა წესებმა ევროკავშირში საქონლით თავისუფალი ვაჭრობა არ შეაფერხოს. შესაბამისად, ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ბაზარზე განთავსებული ან ამ ქვეყანაში კანონიერად წარმოებული პროდუქტი შეიძლება გაიყიდოს სხვა ნებისმიერ წევრ ქვეყანაში.

 

ევროკავშირის ბაზარზე ბევრი პროდუქცია ექვემდებარება ჰარმონიზებულ წესებს, რომელიც იცავს მომხმარებელს, საზოგადო ჯანმრთელობასა და გარემოს. ჰარმონიზებული წესები გამორიცხავს განსხვავებული ეროვნული წესების მიღებას და უზრუნველყოფს პროდუქციის თავისუფალ მიმოქცევას ევროკავშირის ფარგლებში. თუმცა, ზოგიერთი სექტორი კვლავ ეროვნული კანონმდებლობით რეგულირდება. საქონლის თავისუფალი გადაადგილების პრინციპი  უზრუნველყოფს, რომ ამ დებულებებმა ვაჭრობაში  გაუმართლებელი ბარიერები არ წარმოიქმნას.

 

ევროკავშირის მასშტაბით ჰარმონიზებული სექტორები ექვემდებარება საერთო წესებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს ორი ფორმა:

  • უმრავლესობა სექტორში (მაგ.: ელექტრონული და ელექტროაღჭურვილობა, სამანქანო მოწყობილობები, ლიფტები, სამედიცინო მოწყობილობები), ევროკავშირის კანონმდებლობა შეზღუდულია მხოლოდ ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მნიშვნელოვან მოთხოვნებზე. ამ მოთხოვნებთან შესაბამისობის დემონსტრირებისათვის, მწარმოებლებს შეუძლიათ ნებაყოფლობით გამოიყენონ სტანდარტები ან სხვა ტექნიკური სპეციფიკაციები. სტანდარტები უზრუნველყოფს ფუნქციონალურ თავსებადობასა და უსაფრთხოებას, ხარჯების შემცირებას, ხელს უწყობს კომპანიების ინტეგრაციას ვაჭრობის ჯაჭვში. ტექნიკური ჰარმონიზაცია ეფექტიანია დირექტივებისა და რეგულაციების წყალობით, რომელთა ნაწილიც „CE მარკირებას“ სავალდებულოს ხდის. ბიზნესი კი ამით ადასტურებს, რომ მისი საქონელი შეესაბამება საკანონმდებლო დებულებებს, კერძოდ, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნაწილში. ეს მარკირება, რომელიც სავალდებულოა გარკვეული საქონლისათვის, ნიშნავს, რომ მას შეუძლია თავისუფლად გადაადგილება მთელ ევროკავშირში; 
  • სხვა სექტორებში (მაგ.: ავტომობილები, ქიმიკატები), კანონმდებლობა ითვალისწინებს დეტალურ მოთხოვნებს, ავალდებულებს რა გარკვეული სახის საქონელს ჰქონდეს იგივე ტექნიკური მახასიათებლები. 

ჰარმონიზებული წესები ქმნის ნათელ და გასაგებ სამართლებრივ ჩარჩოს ბიზნესისათვის. თუ მწარმოებლები მიყვებიან ამ წესებს, მათი პროდუქცია თავისუფლად გაიყიდება ერთიან ბაზარზე.

არაჰარმონიზებული სექტორები არ ექვემდებარება ევროკავშირის საერთო წესებს და შეიძლება დაექვემდებაროს ეროვნულ კანონმდებლობას. ეს ნიშნავს, რომ ამ საქონელზე  ადგილობრივი წესები ექვემდებარება შეტყობინების პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ვაჭრობაში არ შეიქმნას გაუმართლებელი ბარიერები.

 

ვაჭრობისათვის გადასალახი ბარიერები - ტექნიკური რეგულაციები, სტანდარტები, შესაბამისობის შეფასების პროცედურა

ერთიანი ბაზრის კანონმდებლობის მიზანია ევროკავშირის ბაზარზე განთავსებული პროდუქტი აკმაყოფილებდეს ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს და ეს პროდუქტი დაშვებულ იქნეს ევროკავშირის ბაზარზე სავაჭრო ბარიერების გარეშე, მინიმალური ადმინისტრაციული ტვირთით. უმნიშვნელოვანესი ელემენტები საქონლისთვის ერთიან ბაზარზე არის:

  • სტანდარტები - სტანდარტები განსაზღვრავს პროდუქტის ტექნიკურ ან ხარისხობრივ მოთხოვნებს, წარმოების პროცესს, სერვისებს ან სატესტო მეთოდებს. სტანდარტიზაცია არის ხერხი, რომლის მიხედვითაც საწარმო ქმნის პროდუქტს და უზრუნველყოფს მის  უსაფრთხოობასა და ფუნქციონალურ თავსებადობას;
  • შესაბამისობის შეფასება - შესაბამისობის შეფასების პროცედურა ტარდება პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე განთავსებამდე. საჭიროა დამტკიცება იმისა, რომ პროდუქტი შეესაბამება ყველა საკანონმდებლო მოთხოვნას და ასევე არის ტესტირებული, შემოწმებული და სერტიფიცირებული. პროცედურამ  მომხმარებელი, საჯარო მოხელეები და მწარმოებლები  პროდუქტის შესაბამისობაში უნდა დაარწმუნოს;
  • აკრედიტაცია - აკრედიტაციის მიზანია უზრუნველყოს, შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს (ლაბორატორიებს, ინსპექტირების ან სერტიფიცირების ორგანოებს) ჰქონდეთ თავიანთი მოვალეობის შესრულების ტექნიკური შესაძლებლობა. რეგულირებად სექტორებსა და მოხალისეთა სფეროებში გამოყენებით, აკრედიტაცია ზრდის შესაბამისობის შეფასების ნდობის ხარისხს. ის აძლიერებს პროდუქტების, სერვისების, სისტემებისა და ორგანოების ურთიერთაღიარებას ევროკავშირის ფარგლებში; 
  • ბაზრის ზედამხედველობა - საბაზრო ზედამხედველობა უზრუნველყოფს, რომ არასაკვებმა პროდუქტმა ევროკავშირის ბაზარზე არ შეუქმნას საფრთხე ევროპელ მომხმარებლებს. ასევე უზრუნველყოფს სხვა საჯარო ინტერესის დაცვას, როგორებიცაა გარემო,  უსაფრთხოება და სამართლიანობა სავაჭრო სფეროში. ბაზრის ზედამხედველობამ შეიძლება გამოიწვიოს  შეუსაბამო პროდუქტის მიმოქცევის შეჩერების და/ან მათი შესაბამისობაში მოყვანის სანქციები; 
  • „CE მარკირება – CE მარკირება დაინერგა ევროპის ტექნიკური ჰარმონიზაციის კანონმდებლობის შესაბამისად. იგი სავალდებულოა ყველა პროდუქტისთვის, რომელსაც ეხება ერთი ან მეტიევროდირექტივა და უზრუნველყოფს ამ პროდუქტის თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირში. პროდუქტზე CE მარკირების“ უფლების მოსაპოვებლად მწარმოებლებმა უნდა ჩაატარონ ან ჩატარებული უნდა ჰქონდეთ კონტროლი და ტესტირება იმის დასამტკიცებლად, რომ პროდუქცია შეესაბამება აუცილებელ მოთხოვნებს, რომლებიც მეტწილად ეხება ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, როგორც ეს შესაბამის დირექტივაშია მითითებული. CE მარკირებასთან დაკავშირებული დირექტივებით გათვალისწინებული პროდუქტების  ბაზარზე განთავსება „CE მარკირების“ გარეშე დაუშვებელია. მარკირების შემოწმებისთვის პროდუქტის უსაფრთხოების მეთვალყურეობის ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ შესაბამისობის დეკლარაცია და მწარმოებლის მიერ დადგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, რათა დაადასტურონ პროდუქტის ტექნიკური შესაბამისობა. მას შემდეგ, რაც პროდუქტს ექნება CE მარკირება, იგი შეიძლება თავისუფლად გაიშვას ერთიან ბაზარზე.

 

სურსათის უვნებლობა/სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები

ევროკავშირის სურსათის უვნებლობის პოლიტიკის მთავარი მიზანია უზრუნველყოს საკვები მრეწველობის დარგში ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მაღალი ხარისხი. ევროკავშირი მიზნად ისახავს უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის, ცხოველებისა და მცენარეების ჯანმრთელობის დაცვის მაღალი ხარისხი ევროკავშირის სტანდარტების მონიტორინგის სისტემის საშუალებით, რათა უზრუნველყოს შიდა ბაზრის  ეფექტიანი ფუნქციონირება.

ევროკავშირის სურსათის უვნებლობის შესახებ კანონმდებლობა არის ჰარმონიზებული და ევროკავშირის ერთიანი ბაზრის სავაჭრო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეს სექტორი უდიდეს სარგებელს იღებს.

შესაბამისმა ღონისძიებებმა უნდა უზრუნველყონ ეფექტიანი კონტროლის სისტემის შექმნა და შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან მიმართებაში, სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობის, ცხოველთა კეთილდღეობის, ცხოველთა კვების და მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ევროკავშირში და მესამე ქვეყნებში ევროკავშირთან ექსპორტის შემთხვევაში.

 

ერთიანი ბაზარი მომსახურებისათვის

მომსახურება გადამწყვეტია ერთიანი ბაზრისთვის. სწორედ მომსახურების ანგარიშზე მოდის მთლიანი ეკონომიკური საქმიანობის 70%-ზე მეტი და დაახლოებით ამდენივე დასაქმების კუთხით. ევროკავშირის კომპანიებს აქვთ კომპანიების ევროკავშირის სხვა ქვეყნებში დაარსების თავისუფლება და მომსახურების დაარსების ქვეყნის გარდა ასევე სხვა ქვეყნებში გაწევის თავისუფლება.

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.