2018 წლის 21 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში ევროკომისიასა და საქართველოს შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მიღწეულ იქნა კონკრეტული შედეგები, კერძოდ ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირს შორის ფინანსურ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის ხელშეწყობის დახმარების პროგრამას.
ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის უფრო მეტად გამყარებასა და გაძლიერებაზე შეთანხმება დადასტურდა საქართველო-ევროკავშირს შორის ფინანსური შეთანხმების ხელმოწერით. აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს ორივე მხარის ერთობლივ ზადყოფნას, რათა გააღრმავონ ურთიერთანამშრომლობა საქართველოში ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.
„საქართველოში ეკონომიკური განვითარება და ბიზნესის მხარდაჭერა“ საბიუჯეტო დახმარების პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას საქართველოსა და პროგრამით გათვალისწინებულ რეგიონებში, ხოლო პროგრამის კონკრეტული მიზნები მიმართულია ისეთ სამ პრიორიტეტულ სფეროზე, როგორიცაა კომერციული დავების სწრაფი და სამართლიანი მოგვარება, რომლის მოსალოდნელი შედეგებია რეაბილიტაციაზე დაფუძნებული გადახდისუუნარობის საქმისწარმოება; ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ძლიერ სადაზღვევო სისტემას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას; ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარება, რაც გულისხმობს ჩარჩო პოლიტიკის შემუშავებას მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, კლასტერებისა და ბიზნეს ინკუბატორების განვითარებას პროგრამით გათვალისწინებულ რეგიონებსა და სექტორებში.