საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში მიმდინარე წლის 23 ივნისს ქ. ზუგდიდის ტექნოპარკში, მრგვალი მაგიდის ფორმატში DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის თემაზე რეგიონალური სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობის“ მხარდაჭერით ჩატარდა და მასში 50-ზე მეტმა ადგილობრივმა მეწარმემ და ფერმერმა მიიღო მონაწილეობა თაფლის, თხილის, დაფნის, ხილის და სხვა სექტორიდან.
შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების, სახელმწიფო-საგრანტო პროგრამებისა და ხელშეწყობის იმ საკითხების შესახებ ისაუბრეს, რაც ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, უფრო მეტი სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით.
მრგვალი მაგიდის ფორმატში საუბარი ასევე შეეხო DCFTA-ს გამოწვევებსა და პერსპექტივებს, DCFTA-ს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ (SPS) მოთხოვნებსა და შეთანხმების ფარგლებში არსებულ სხვა საკითხებს. ღონისძიებაზე ასევე განხილულ იქნა მეწარმეების წინაშე მდგარი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში, გენადი არველაძემ და ღონისძიების ორგანიზატორებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.
რეგიონებში მსგავსი შეხვედრები სისტემატურად იმართება და 2017 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.