მიმდინარე წლის 31 ივლისს, ქ. თბილისში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცენტრალურ ოფისში ჩატარდა ტრენინგი „სურსათის უვნებლობის მოთხოვნები პირველადი წარმოებისათვის“. ტრენინგი ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ტრენინგს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი მაია ბერუაშვილი უძღვებოდა.
ტრენინგი გულისხმობდა პესტიციდების სწორი გამოყენებისა და პესტიციდების ზღვრულად დასაშვები რაოდენობით შემცველი პირველადი პროდუქტის (სურსათის) მოყვანის სწავლებას, პესტიციდების კატალოგის გამოყენებას, სასურველი პესტიციდის მოძიებასა და სწორად გამოყენებას, ასევე, პირადი უსაფრთხოების დაცვის წესებს მათი გამოყენებისას.
DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრები სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და პროექტს - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - შორის თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბდა. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი ევროკავშირის ინიციატივის EU4Business-ის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებასა და მათთვის ფინანსების ხელმისაწვდომობას.