როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

სიახლეები

02 10 2017

DCFTA-ს მრგვალი მაგიდა სვანეთში

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში მიმდინარე წლის 30 სექტემბერს სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში გაიმართა რეგიონალური სამუშაო შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით, რომელიც DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციას მიეძღვნა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული და ევროპული პროექტის - „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ - მხარდაჭერით ჩატარდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 30-მდე ადგილობრივმა მეწარმემ მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, სასტუმრო მომსახურების, ხე-ტყის გადამამუშავებელი ინდუსტრიისა და სხვა სექტორებიდან.

 

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ისაუბრა DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების, აღნიშნულ პროცესში კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის მნიშვნელობის, ასევე სახელმწიფო-საგრანტო პროგრამებსა და ხელშეწყობასთან დაკავშირებული იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს მეტი სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით.

 

მრგვალი მაგიდის ფორმატში, საუბარი ასევე შეეხო  DCFTA-ს გამოწვევებსა და პერსპექტივებს, DCFTA-ს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ (SPS) მოთხოვნებსა და შეთანხმების ფარგლებში არსებულ სხვა საკითხებს. ღონისძიებაზე ასევე განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა უკეთ იქნას გამოყენებული DCFTA-ს შესაძლებლობები და ხელი შეეწყოს დასაქმებას.

 

შეხვედრის დასკვნით ნაწილში, გენადი არველაძემ და ღონისძიების ორგანიზატორებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.

 

რეგიონებში მსგავსი შეხვედრები სისტემატურად იმართება და 2017 წლის განმავლობაში  საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.