როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

სიახლეები

21 02 2018

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის ტრენინგი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სენაკში

მიმდინარე წლის 21 თებერვალს, ქ. სენაკში გაიმართა ტრეინინგი: „ბიზნესის მართვა DCFTA ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით". ღონისძიებაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმები; ქართველი მეწარმეებისთვის თავისუფალი და შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომი ბაზრები; მეწარმეობის მხარდამჭერი ევროპული და ადგილობრივი ინსტიტუტები და ინიციატივები; ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობები და ხელისშემშლელი ფაქტორები; წარმატებული ექსპორტის მაგალითები; ინფორმაციის დამატებითი წყაროები.

 

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელოს რეგიონის  მცირე და საშუალო მეწარმეებმა თხილის, დაფნისა და მეფუტკრეობის სექტორებიდან. ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. ტრენინგს უძღვებოდა სოციალური მეცნიერებების აკადემიური დოქტორი, თემის განვითარების რესურს ცენტრ „ერანის“ აღმასრულებებლი დირექტორი, ჯამბულ ნაჭყებია.

 

პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. ის ევროკავშირის ინიციატივის „EU4Business“  ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას,  მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.