როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

სიახლეები

05 10 2018

გაიმართა DCFTA-ს საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

2018 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფის მეექვსე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე დაესწრო. 

 

შეხვედრაზე, საკონსულტაციო ჯგუფის წესდების შესაბამისად, ჯგუფის წევრებმა აირჩიეს ახალი თავმჯდომარე, რომელიც უხელმძღვანელებს ჯგუფის მუშაობას მომავალი ერთი წლის განმავლობაში. თავმჯდომარედ არჩეულ იქნა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ხოლო მის მოადგილედ - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა.

 

შეხვედრის მონაწილეებს გენადი არველაძემ  ინფორმაცია მიაწოდა DCFTA-ის ვალდებულების შესაბამისად, სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების და მისი ამოქმედების ვადების შესახებ.  მან ასევე ხაზი გაუსვა ამ თემასთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორის დროული ინფორმირების მნიშვნელობას.

 

ქალბატონმა ნინო ჩიქოვანმა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის DCFTA-ის საინფორმაციო ცენტრების საქმიანობის და ამ პროექტის შედეგების შესახებ გააკეთა პრეზენტაცია. DCFTA საინფორმაციო ცენტრების პროექტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, უკვე ორი წელია მიმდინარეობს. საინფორმაციო ცენტრები მოქმედებს ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია 2018 წლის განმავლობაში DCFTA-ის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის და DCFTA-ს სფეროში უახლესი მიღწევების შესახებ.

 

საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ჯგუფის წევრების მიერ დაყენებული საკითხები და სხვადასხვა სახის წინადადებები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს DCFTA-ის განხორციელების პროცესს, კერძო სექტორის მეტ ჩართულობას ამ პროცესში და ზოგადად ცნობიერების ამაღლებას DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი - საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებმა. 

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.