საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში მიმდინარე წლის 18 იანვარს, ქ. რუსთავში გაიმართა რეგიონალური სამუშაო შეხვედრა ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდის ფორმატით, რომელიც DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას მიეძღვნა.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული და ევროპული პროექტის - „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ - მხარდაჭერით ჩატარდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა კერძო სექტორისა და მედია საზოგადოების წარმომადგენელმა.
შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ისაუბრა DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების, აღნიშნულ პროცესში კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის მნიშვნელობის, ასევე სახელმწიფო-საგრანტო პროგრამებსა და ხელშეწყობასთან დაკავშირებული იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს მეტი სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით.
მრგვალი მაგიდის ფორმატში, საუბარი ასევე შეეხო DCFTA-ს გამოწვევებსა და პერსპექტივებს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, DCFTA-ს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ (SPS) მოთხოვნებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში (TBT), სამრეწველო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობასა და შეთანხმების ფარგლებში არსებულ სხვა საკითხებს.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში, განხილულ საკითხებზე გაიმართა დისკუსია და მომხსენებლებმა უპასუხეს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.