მიმდინარე წლის 26 მარტს, ქალაქ ბრიუსელში ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრებმა ევროკომისიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს შრომის ძირითადი სტანდარტების ეფექტიანი განხორციელების მდგომარეობა - შრომის ინსპექციის გაძლიერებისა და სოციალური დიალოგის გაძლიერების საკითხები, გარემოსდაცვითი მრავალმხრივი შეთანხმებების განხორციელების მდგომარეობა და ა.შ. ქართულმა მხარემ ევროკავშირს წარუდგინა შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის და შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია. ასევე განხილულ იქნა გარემოს დაცვისა და შრომის საკითხებთან დაკავშირებული 2018-2020 წლების სამუშაო გეგმის განხორციერლების მდგომარეობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული DCFTA-ის ვაჭრობა და მდგრადი განვითარების თავის იმპლემენტაციის მიზნით საქართველოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომდევნო დღეს, 27 მარტს დაგეგმილია ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის შეხვედრა, სადაც შეიკრიბებიან ევროკავშირისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და განიხილავენ ამ სფეროში აქტუალურ საკითხებს, მხარეთა მიერ ფორუმის წევრებისთვის წარდგენილი იქნება DCFTA-ის ვალდებულებების შესრულების ანგარიში.