როგორ ვივაჭროთ ევროკავშირთან

სიახლეები

24 11 2021

სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოსა და DCFTA საკონსულტაციო ჯგუფის გაერთიანებული შეხვედრა

2021 წლის 24 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოსა (TAG) და ამავე საბჭოს ფარგლებში არსებული ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საკონსულტაციო ჯგუფის (DAG) გაერთიანებული შეხვედრა, გაფართოებული ფორმატით, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ბატონი გენადი არველაძე და საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ჭელიძე უძღვებოდნენ.

საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე განხილულ იქნა ინფორმაცია თურქეთ-საქართველო-ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით  USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში (განმახორციელებელი  PMCG) მიმდინარე კვლევასთან დაკავშირებით. კვლევის მიზანია დიაგონალური კუმულაციის სქემით სარგებლობისთვის მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა, პოტენციური ბენეფიციარი სექტორებისა და პროდუქტების იდენტიფიცირების გზით.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა ინფორმაცია საქართველოს ლაბორატორიული (ინდუსტრიული მიმართულებით) შესაძლებლობების კვლევის თაობაზე, რომლის მიზანია ადგილობრივი ლაბორატორიების განვითარების მიზნით პრიორიტეტული მიმართულებების იდენტიფიცირება. კვლევა ხორციელდება საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) ფარგლებში.

შეხვედრის ბოლოს გამართული დისკუსიისას კერძო სექტორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და რეკომენდაციები და წამოაყენეს წინადადებები ზემოხსენებული კვლევების განხორციელებასთან დაკავშირებით.

სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო და DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფი 2016 წელს შეიქმნა. საბჭოს მიზანია, ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკასა და DCFTA-ის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების წარმოდგენა, რაც ხელს უწყობს კერძო და საჯარო დიალოგის გაძლიერებას.

წინამდებარე ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ვებგვერდის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.