საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში 2017 წლის 24 აპრილს მცხეთაში გაიმართა რეგიონალური სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ ბიზნესმენებთან, რომელსაც 40-მდე ადგილობრივი მეწარმისა და კოოპერატივის წარმომადგენლის გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მცხეთა-მთიანეთში გუბერნატორის აპარატის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ასოცირების მხარდამჭერი პროგრამის წარმომადგენლებმა ისაუბრეს DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროექტების, გამოწვევებისა და პერსპექტივების, DCFTA-ს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) მოთხოვნებისა და სხვა საკითხების შესახებ.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთმანეთს პოზიტიური გამოცდილება გაუზიარეს. განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მიერ მეწარმეთა დახმარების აუცილებლობასა და ბიზნესის როლზე მთავრობის რეგიონალური პოლიტიკის გატარებაში. გენადი არველაძის განცხადებით, ამ საკითხების გათვალისწინება ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და ევროკავშირის ბაზარზე მისი ექსპორტის პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის და ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის და მომსახურების პოპულარიზაციას, ინვესტიციების ზრდას და ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, გენადი არველაძემ და ევროკავშირის წარმომადგენლებმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.
რეგიონალური სამუშაო შეხვედრები სისტემატურ ხასიათს მიიღებს და ეტაპობრივად, ქვეყნის მასშტაბით, თითოეულ რეგიონს მოიცავს.