დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ უმასპინძლა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას, რომელიც სტანდარტიზაციის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობას მიეძღვნა.
ღონისძიება საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განვითარების მხარდაჭერის მიზნით გაიმართა და მას ბიზნესისა და სამთავრობო სექტორის 70-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ CEN-CENELEC-ის (სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი - CEN და ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი - CENELEC) მენეჯმენტის ცენტრის (CCMC) წარმომადგენლები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს სატნდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი დავით ტყემალაძე და AECOM კონსორციუმის ლიდერები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ყურადღება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასა და სტანდარტიზაციის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა.
,,ჩვენ ევროკავშირი გვეხმარება როგორც ინსტიტუციური განვითარების, ასევე ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში და სხვადასხვა პროგრამების მიმართულებით. ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხდა ლაბორატორიული გადაიარაღება, შესაბამისად, ამ ლაბორატორიებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. დღეს, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო, საერთაშორისო სტანდარტიზაციის კუთხით, არის უფრო მეტი სერვისის მიმწოდებელი. ის ქვეყანაში ნერგავს ევროპულ სტანდარტებს ქართულ სტანდარტებად და ხელს უწყობს, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია იყოს საერთაშორისო, ევროპული სტანდარტის დონის, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის ბაზარზე მაღალი სტანდარტით ნაწარმოები პროდუქცია გასვლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მეწარმეებისთვის,‘’ – განაცხადა გენადი არველაძემ.
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით ტყემალაძემ აღნიშნა, რომ სემინარი ქართველი მეწარმეებისა და სტანდარტიზაციის პროექტში ჩაბმული პირებისათვის გაიმართა.
,,დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, სტანდარტიზაციის როლს ამ სფეროში. აღნიშნული შეხვედრა ფინანსდება ევროკავშირის მიერ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და არის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების CIB - ის პროექტის ბენეფიციარი,‘’ – განაცხადა დავით ტყემალაძემ.
შეხვედრის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილის, ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) შესახებ, რომელიც გულისხმობს საქართველოს ეკონომიკის დაახლოებას ევროკავშირთან და ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე იმპორტირების შესაძლებლობას.
სემინარის დასასრულს დელეგატებმა სტანდარტიზაციის სფეროში საქართველოს პროგრესის, ევროპული სტანდარტიზაციის კოორდინაციისა და სტანდარტების განვითარებაში ტექნიკური კომიტეტების როლის შესახებ იმსჯელეს.