მიმდინარე წლის 24 თებერვალს, ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა ტრენინგი „წყლის და საკვების მნიშვნელობა მეთევზეობაში და თევზის დაავადებები“. ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა წყლის ხარისხი და ფიზიკურ–ქიმიური მაჩვენებლები მეკალმახეობაში, თევზის საკვების შენადგენლობა, მიწოდების გრაფიკი, ხარისხი და შენახვის (დასაწყობების) პირობები, ჰიგიენური ნორმების დაცვა, თევზის დაავადებების გამომწვევი მიზეზები და პირველადი ღონისძიებების გატარება მეურნეობაში.
ტრენინგში მონაწილეობა თევზსაშენი მეურნეობების 20-მა წარმომადგენელმა მიიღო. ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. ის ევროკავშირის ინიციატივის „EU4Business“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.